თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისის ექვს ქუჩას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება, იუწყება პირველი არხი.
საქართველოში 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. 1989 წლის 9 აპრილს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
თბილისის ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა ქალების სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში 9 აპრილს აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა გაიმართება.
კერძოდ, კომისიის ინიციატივით გათვალისწინებულია, რომ ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა ქალების სახელი მიენიჭოს: მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილის, თამარ მამულაშვილის.
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ანატოლი სობჩაკი ჩაუდგა. კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედროებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს.