თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა Twitter-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა გზავნილისთვის, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.
ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე, 1948 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მისი შექმნის დღეს - 7 აპრილს აღინიშნება. იმ ისტორიული მომენტიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს 194 სახელმწიფო გახდა. საქართველო ორგანიზაციას 1992 წლის 16 მაისიდან შეუერთდა.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისადმი შესანიშნავი გზავნილისთვის, რომელიც მან ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს გააკეთა. ჩვენ ერთად ვიბრძვით COVID-19-ის წინააღმდეგ“, - წერს გებრეიესუსი.
Thank you, 🇬🇪 Prime Minister @GakhariaGiorgi, for sending such a wonderful message to the people of #Georgia and especially to #healthworkers on #WorldHealthDay yesterday. Together, against #COVID19! Solidarity! https://t.co/Yc8cKIVTlD
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) April 8, 2020
გახარიამ ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს გაკეთებულ გზავნილში ისაუბრა გლობალურ პანდემიაზე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემის წინაშე თანასწორია ყველა ქვეყანა, ყველა ერი და ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით მოხერხდება ამ გამოწვევის გადალახვა და გამარჯვება.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 208-ს მიაღწია. გარდაიცვალა სამი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 50. კარანტინშია 4682 მოქალაქე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 375. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში მოიმატებს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 31 მარტიდან. მოქმედებს ასევე კომენდანტის საათი. დროებით შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაწესებულია ტაქსის მუშაობის მკაცრი რეგლამენტი.
ხანში შესულებს სახლიდან გამოსვლას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევენ. მარტის შუა რიცხვებში მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები, 21 მარტიდან კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.