თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. თბილისში თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“
ტაძრის წინამძღვრის, მამა სერაფიმეს განცხადებით, რომელიც ამჯერად თვითიზოლაციაში იმყოფება, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ოჯახია და არა ეკლესია.
„მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა... ასეთი ადამიანი, მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვნილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონაც გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს“, – აღნიშნა მამა სერაფიმემ.
მამა სერაფიმეს თქმით, სტიქაროსნის ჯანმრთელობით ის პირადად, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე დაინტერესდა.
„ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობს. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ მრევლს დღეს ვაცნობეთ, რადგან მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით“, – განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.
ლევან რატიანი: კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს>>
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემებით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს.
საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სინოდი ეთანხმება იმას, რომ მორწმუნეებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ამასთან, შესაძლოა, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაიმე რეკომენდაციები უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულო შესასრულებელი გახდეს.
კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში>>
მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ცნობილია, რომ ქართული ეკლესია ზიარების წესის გადახედვას არ აპირებს.