თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით აგრარული ბაზრები იხურება.
COVID-19 საქართველოში: ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა >>
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას სოციალური დისტანცია. თუმცა ბაზრებში ხშირად ფიქსირდება დარღვევები.
აგრარული ბაზრები დაიხურა შიდა ქართლში. კერძოდ, დღეს შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ექვსი აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას. რეგიონის გუბერნატორის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებასაც შეამცირებს.
აგრარული ბაზარი დაიხურა ბათუმშიც. როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ბაზარში იყო ხალხმრავლობა, ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა და სწორედ ამიტომ მიიღეს დახურვის გადაწყვეტილება.
ასევე, აგრარული ბაზარი დაიხურა სენაკში. ორშაბათიდან კი ფუნქციონირებას სავარაუდოდ, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც შეწყვეტენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბაზრებში მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმარისი, აქ ნაღდი ფულის მოძრაობაშიცაა პრობლემა.
ასევე, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში, დღეს დილიდან დროებით დაიხურა ოზურგეთის ბაზარიც. ამასთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარევაჭრობაც აიკრძალა.
ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა იმერეთშიც. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ.
ჯერჯერობით უცნობია, დაიხურება თუ არა თბილისის აგრარული ბაზრები.
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28. კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344 პაციენტია.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 4 აპრილისთვის >>
20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, მუშაობს საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები.