COVID-19 საქართველოში: ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა

გამოწერა
ბაზარში ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების და მერიის გაფრთხილების მიუხედავად, ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე აიკრძალა გარე ვაჭრობა.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ოზურგეთში აგრარული ბაზარი დროებით დაიხურა, ხოლო მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარევაჭრობაც აიკრძალა, იუწყება პირველი არხი მუნიციპალიტეტის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელზე, ირაკლი სირაძეზე დაყრდნობით.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 4 აპრილისთვის >>

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას სოციალური დისტანცია. თუმცა ბაზრებში ხშირად ფიქსირდება დარღვევები. 

„მერიამ, პოლიციამ და მოხალისეთა ჯგუფებმა მაქსიმუმი გააკეთეს ბაზრის გასაკონტროლებლად. ვეცადეთ, არ დახურულიყო, დახლები დავალაგებინეთ კომპაქტურად, მოქალაქეები რომ დისტანცირებულად გადაადგილებულიყვნენ და მოვაჭრეებს საარსებო წყარო ჰქონოდათ. ოთხჯერ ჩატარდა დეზინფექცია, ზედამხედველობის სამსახური აფრთხილებდა ყველას, დაეცვათ დისტანცია. ბაზარი კერძო საკუთრებაა, არ არის მუნიციპალიტეტის ბაზაზე და მერიამ ბევრჯერ გააფრთხილა ხელმძღვანელობა რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე, მაგრამ მაინც ასეთი შედეგი დადგა. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ბაზარი დახურული“, – განაცხადა ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.

თბილისში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქუჩების მორეცხვა და დამუშავება  - Sputnik საქართველო
თბილისში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქუჩების მორეცხვა და დამუშავება დაიწყეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, 6 აპრილიდან დროებით იხურება სენაკის ბაზარიც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 156-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 344 პაციენტია. 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ბლოკ-პოსტები თბილისის გარშემო: როგორ ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქი კარანტინში – ფოტო >>

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, მუშაობს საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები.

ყველა ახალი ამბავი
0