თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
გაიზრდება თუ არა ფასები უახლოეს მომავალში
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ფასების დონის მხრივ კარგი მოლოდინები პრაქტიკულად არ არსებობს.
ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 9 მარტს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა დაემატა. მარტის ბოლოსთვის ლარი თითქმის 20%-ით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად კურსის ინფლაციაზე გავლენის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა ჯამში 100 მლნ დოლარის სამი ინტერვენცია განახორციელა.
„ყველაზე მთავარი, რაც გვირტყამს, ეს ლარის კურსია, რომელიც ყოველთვის ნომერ პირველი პრობლემაა იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მწარმოებლებისთვისაც კი. ეს იმიტომ, რომ ნედლეულს ისინი საერთაშორისო ვალუტაში ყიდულობენ — დოლარში ან ევროში“, — აღნიშნა ჭყონიამ "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ეროვნული ვალუტის დევალვაციის მხრივ.
„იმპორტიორებს ბიუჯეტი გათვლილი აქვთ კურსით 2,96-2,97 ლარი ერთ დოლართან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ფასები მაქსიმუმ 3,0 ლარზე გავთვალეთ. ახლა კი პრაქტიკულად თვითღირებულებაზე ვმუშაობთ. შესაძლოა არსებობს კომპანიები, რომლებიც ყიდიან, მაგრამ აქედან შემოსავალი არ არის და რამდენ ხანს გაუძლებენ ამ მდგომარეობას?“ — აცხადებს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტი.
ამასთან ჭყონიამ გამოთქვა იმედი, რომ ლარი ძველ პოზიციებს დაუბრუნდება, ვინაიდან ეროვნული ბანკი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„მაგრამ თუ ლარის კურსი სტაბილური არ იქნება ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ფასები ყველა პროდუქტზე აიწევს, გარდა იმისა, რაზეც მთავრობა გამოყოფს სუბსიდიებს“, — აღნიშნა ჭყონიამ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 9,5%-ით გამყარდა და 3,1576 ლარი შეადგინა ერთ დოლარზე.