თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის ინფექციასთან მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა, წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა>>
გამოცემა ასევე საუბრობს სხვა ქვენებზეც, რომლებმაც გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში.
„ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის წარმატება საკმაოდ მოულოდნელი იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა ეკონომიკით, რომელიც რთულ მდგომრეობაშია, თებერვლის ბოლოს მან დაიწყო სერიოზული ზომების მიღება, მათ შორის, დაიხურა სკოლები და ჩატარდა დიაგნოსტიკური ტესტები“, – აღნიშნულია სტატიაში და იქვე ნათქვამია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 27, კარანტინშია 5392, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 319 პაციენტია.
თენგიზ ცერცვაძე: რაც ტრამპმა გუშინ თქვა, ჩვენ ამას თვენახევარია ვაკეთებთ>>
საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.