ნიკოლოზმა გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია და ოჯახსაც ეხმარება. მისი თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურობით გამოირჩევა. საკუთარი საქმიანობის შესახებ ის თავად მოგიყვებათ.
- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- მე ვარ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, 14 წლის. ვცხოვრობ თბილისში. მეცხრე კლასში ვარ და 18-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. თავისუფალ დროს ვხატავ, ვქმნი ესკიზებს String art-ისთვი.
- ლურსმებით და საქსოვი ძაფით ორიგინალურ ნამუშევრებეს ქმნით. რა ქვია ამ ხელოვნებას და როგორ დაინტერესდით?
- ამ ხელოვნებას ქვია String art-ი, ანუ სიმების ხელოვნება, რომელიც იქმნება ძირითადად ლურსმნებით და ფერადი ძაფებით. მას შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში. ერთ-ერთი ხელოვანი ამ სტილში ქმნიდა საოცარ ნამუშევრებს. დავაკვირდი, ვისწავლე და შემდგომ მარტომ დავიწყე ნამუშევრების შექმნა და ესკიზების ხატვა.
- პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ. კმაყოფილი დარჩით? დღემდე გაქვთ შენახული?
- დღევანდელი გადმოსახედიდან პირველი ნამუშევარი სასაცილოდ მეჩვენება, თუმცა მაშინ ძალიან მომეწონა და გამიხარდა, რომ შევძელი შემესრულებინა და დღესაც მაქვს შენახული.
- სწავლას და ხელსაქმეს როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
- რა თქმა უნდა ჯერ სასკოლო გაკვეთილებს ვმეცადინეობ. ამის შემდეგ საკმარისი დრო მრჩება შემოქმედებისათვის, ხშირად გვიან ღამემდეც მიმუშავია.
- უცნაური და ორიგინალური ფორმები გამოგყავთ. წინასწარ ქმნით ესკიზებს, თუ ექსპრომტად იქმნება თქვენი ნამუშევრები?
- დიახ, ესკიზებს წინასწარ ვქმნი და ამის მერე იქმნება ჩემი ნამუშევრები.
- რა დანიშნულება აქვს თქვენს ნამუშევრებს? მაგალითად ინეტრიერის გასალამაზებლად იყენებენ, თუ სხვა ფუნქციებიც აქვს?
- ზოგს ინტერიერის გასალამაზებლად სურს, ზოგს კი უბრალოდ თავისი ორიგინალურობის გამო მოსწონს.
- მშობლებსაც მიუძღივს წვლილი თქვენს შემოქმედებაში? იქონიეს რაიმე გავლენა თქვენზე?
- კი, რა თქმა უნდა დედა ყოველთვის მამხნევებს და მიწონებს ყველა ნამუშევარს, ბებია კი ჩემი ტექნიკური ასისტენტია.
- ეს ნამუშევრები თქვენი შემოსავლის წყაროცაა?
- კი, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ნაწილობრივ შემთხვევაში ასეც არის.
- ბევრი ხელოვანი ადამიანისგან გამიგია, რომ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები შვილებივით უყვარდებათ და შემდეგ მათი გაყიდვა, ან გაჩუქება ძალიან უჭირთ. თქვენ შემთხვევაში როგორაა?
- გეთანხმებით, ხშირად გული მწყდება, როდესაც შეძენილი ნამუშევარი მიაქვთ. თუმცა რას ვიზამთ, ყველა ნამუშევარს ფიზიკურად ვერც დავიტოვებ სახლში.
- სად შეიძლება მათი შეძენა?
- ბოლო პერიოდი სარეალიზაციოდ მშრალი ხიდის მხატვრებთანაც ვიდექით, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობის გამო დიდხანს ვერ გაგრძელდა. უფრო ხშირად ფეისბუქის გვერდიდან მიკავშირდებიან, საიდანაც შესაძლებელია ნამუშევრების შეძენა. შევქმენი გვერდი String art by nika და იქ არის ყველა ჩემი ნამუშევრის ნახვა შესაძლებელი.
- რა გრძნობაა, როცა ამ ასაკში საკუთარი შემოსავალი გაქვთ?
- მეამაყება, რომ ჩემს ასაკში საკუთარი შემოსავლით ოჯახს მხარში ვუდგევარ. ამავე დროს ვაგროვებ თანხას, რომ ნამუშევრებისთვის უფრო მრავალფეროვანი, საჭირო მასალა შევიძინო. ასე ჩემი ნამუშევრებიც გამრავალფეროვნდება.
- სამომავლოდ რა პროფესია გსურთ აირჩიოთ და სად ხედავთ თქვენს თავს მომავლაში?
- დიდი სურვილი მაქვს გავხდე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი და ძირეულად დავეუფლო ხელოვნების საფუძვლებს. იმედია ყელაფერს მივაღწევ ცხოვრებაში რა ჩანაფიქრიც მაქვს.