თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. უმუშევრობის პრობლემა, კომუნალური გადასახადების დაფარვა და ეკონომიკის შენარჩუნება - საქართველოს მთავრობამ ამ პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორი მილიარდი ლარი გამოყო.
გახარია: მოსახლეობის ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება >>
კორონავირუსის აფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის სფერო, ტრანსპორტი. რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ ფინანსური სექტორი, მშენებლობისა და უძრავი ქონების სფერო, წარმოება და განათლება.
სავაჭრო ობიექტების მასიური დახურვის ფონზე, საქართველოში უმუშევართა რიცხვი იზრდება. ოფიციალურად, მთავრობას ჯერ არ გამოუცხადებია უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობა, მაგრამ ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ციფრი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს უმუშევრობის არსებულ 11,6%-იან მაჩვენებელს.
იმავდროულად, კოროვირუსული პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ლარის კურსის დაცემა დაიწყო. 1 აპრილის მდგომარეობით, ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 3,2816 GEL/$1 შეადგინა.
ეკონომიკის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ გამოყო ორი მილიარდი ლარი, შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და სპეციალური ზომები მიიღო.
კომუნალური გაადსახადი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქებს, ვინც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბომეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ბიუჯეტი 3 თვის განმავლობაშიკომუნალურ გადასახადებს სრულად დაუფინანსებს.
ელექტროენერგიაზე შეღავათი 1,2 მილიონ ოჯახს შეეხება, ხოლო ბუნებრივ აირზე - 671 ათას ოჯახს.
რამდენ ლარში გამოიხატება აღთნიშნული შეღავათი, რთული სათქმელია განსხვავებული ტარიფების გამო, მაგრამ თბილისელებისთვის შეღავათი შეეხება მათ, რომელთა ელექტროენერგიის გადასახადიც არ აღემატება 37 ლარს, ხოლო ბუნებრივი აირის - 92 ლარს.
საშეღავათო პერიოდი მოიცავს მარტს, აპრილსა და მაისს და კომუნალური გადასახადები გამოყოფილი ორი მილიარდი ლარიდან დაიფარება.
ბიზნეს-გეგმა
გარკვეული ზომები გათვალისწინებულია ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ მიზნებისათვის საქართველოს მთავრობამ უკვე 1.2 მილიარდი ლარი გამოყო.
ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კომპანიებს – სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებს და ა.შ. მთავრობამ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 1 ნოემბრამდე გადაუვადა. ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, და ამ კომპანიებში დასაქმებულ 50 ათას მოქალაქეს.
ასევე, ყველა მსურველს საბანკო კრედიტებზე გადახდები სამი თვით გადაუვადეს.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაზარდა სავალდებულოდ დასაბრუნებელი დღგ-ს ნაწილი და ავტომობილების იმპორტიორებისთვის პირობები შეამსუბუქა.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მოხდა ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“ – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დღეისათვის უმუშევართა ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია.
„ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია შევაფასოთ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და, შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რა ზომები იქნება მიღებული და ამისათვის რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო, რათა ასეთი ადამიანების ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შევძლოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
გადარჩება თუ არა საქართველოს ეკონომიკა
კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გადასარჩენად 1 მილიარდი ლარია საჭირო.
კომპანია პროგნოზირებს ეკონომიკის განვითარების სამ სცენარს, რა დროსაც უცხოურ ინვესტიციებში, ფულად გზავნილებში, ექსპორტსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ასახული ქვეყნის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, ზარალი 1,7-დან 4,4-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომპანიის შეფასებით, მოვლენათა განვითარების ოპტიმისტური სცენარით ეკონომიკა ჩვეულ რიტმში დაბრუნებას უკვე ივნისში დაიწყებს, საშუალო სცენარით - ივნისიდან სექტემბრამდე იქნება ეკონომიკის ზრდა, შემდეგ კი ახალი კრიზისი ვირუსის განმეორებითი გავრცელების გამო, ხოლო პესიმისტური სცენარის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის ბოლომდე ვარდნაში იქნება.