თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო.
დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული ინფექციის სიმპტომები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებზე 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
თავდაპირველად გამოკითხვა მოხდება ტელეფონით სპეციალურად შედგენილი კითხვების საშუალებით, შემდეგ კი ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად რეალურია სიმპტომები და რამდენად ესაჭიროება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია.
ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის ცენტრები ასევე თერჯოლასა და სამტრედიაში გაიხსნება, ხოლო საქართველოს მასშტაბით სულ 25 მსგავსი ცენტრი იფუნქციონირებს.
ლევან რატიანი: მთელ ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა >>
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.