თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ე.წ. ცხელების კლინიკები მომზადდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ ე.წ. ცხელების კლინიკების გახსნა განიხილებოდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ. ცხელების კლინიკები დღეისათვის უკვე გახსნილია კახეთში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლინიკების სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მთავრობის საინფორმაციო გვერდზე stopcov.ge.
„დღესდღეობით ქვემო ქართლის რეგიონში ცხელების კლინიკების მობილიზაცია მიმდინარეობს. ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი ასეთი კლინიკები და სულ მალე მოსახლეობას ექნება ამ სიის სრული ჩამონათვალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აღნიშნული ცენტრები ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში გაიხსნება და იქ განთავსდებიან მოქალაქეები, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.
პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას>>
27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4505, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტია.