ქართველი ექიმები სპეციალური ეკიპირებით სრულად უზრუნველყოფილი  არიან

© photo: Sputnik / Vitaliy Timkov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უშუალოდ ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე არცერთი მსხვილი კლინიკა აუცილებელი დამცავი ეკიპირების გარეშე არ დარჩეს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში დამცავი სამედიცინო ეკიპირების საკმაო სტრატეგიული მარაგებია და ისინი მუდმივად ივსება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მარაგების აუცილებელი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მოდის. საუბარია ეკიპირების თითოეული დასახელების  ასობით ათას ერთეულზე. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა

„მოცემულ მომენტში ჩვენ გვაქვს მარაგების დიდი რაოდენობა. სახელმწიფოსა და დონორების მხრიდან მუდმივად ხდება შევსება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კლინიკები, რომლებიც  ასეთი ეკიპირების ნაკლებობას განიცდიან (საუბარია მცირე ზომის და რაიონულ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც ინფიცირებული პაციენტები არ არიან და მათი იქ მოხვედრა ნაკლებ სავარაუდოა) ასევე მიიღებენ ეკიპირებას. თუმცა, საჭიროა მარაგების რაციონალურდ გამოყენება. რაც შეეხება განსაკუთრებულ ეკიპირებას, როგორც დამცავ კომბინეზონს, რომელსაც ჩვენ იმ კლინიკებში ვიყენებთ, სადაც ინფიცირებული პაციენტები იმყოფებიან, სხვა კლინიკებს მათზე გათვლა არ უნდა ჰქონდეთ, რამდენადაც მათ ის უფრო სჭირდება. რაც შეეხება საბაზისო ეკიპირებას, მისი ყველა დაწესებულების აღჭურვა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის სიტყვებით, ჯანმოს ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოში და შეამოწმეს ცხრა კლინიკა ინფექციის კონტროლის და პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და მედპერსონალის მზადყოფნის კუთხით.  ახლო მომავალში ასეთი ვიზიტები სხვა, ძირითადად რაიონულ კლინიკებში იგეგმება. ჯანმოს ექსპერტები მედპერსონალისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ.

გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უშუალოდ ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე არცერთი მსხვილი კლინიკა აუცილებელი დამცავი ეკიპირების გარეშე არ დარჩეს.

1 აპრილის  მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0