პაატა იმნაძე: მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსუბუქი პაციენტები სახლში მკურნალობენ

გამოწერა
1 აპრილის  მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული  პაციენტები, რომელსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ,  მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ სახლში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა

დღეს COVID-19-ის საეჭვო შემთხვევის მართვის მიზნით, სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა, რომლის  თანახმად, კორონავირუსის შესაძლო მსუბუქ შემთხვევებში პაციენტების მართვა ბინაზე, დისტანციურად მოხდება. დოკუმენტის მიხედვით, ინფექციის მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში.

პაატა იმნაძემ ახალ პროტოკოლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის  პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

„აშშ–სა და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში უამრავი პაციენტია , რომლებსაც აქვთ Covid-19  და ისინი იმყოფებიან სახლის პირობებში. ანუ, თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში, თუ ადამიანს დაავადების მიმდინარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ის იყოს სახლში, რა თქმა უნდა, ასეთი მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, არიან სახლში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში პროტოკოლში დაფიქსირებული რეკომენდაციებია:

პაციენტი უნდა დარჩეს სახლში და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომოს სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწეროს, რათა შემდეგ მოახსენოს ექიმს, დაუკავშირდეს სასწრაფოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან). თუ პაციენტს არ აქვს ბინაზე თვითიზოლაციის შესაძლებლობა, ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან (განსაკუთრებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირები) ოჯახის ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის საკარანტინე სივრცეში გადაყვანის შესაძლებლობა და აცნობოს ამის შესახებ სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

1 აპრილის  მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს   საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,  31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0