თბილისი, 31 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ერთ-ერთი მალე გაეწერება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.
ტურძელაძის თქმით, გაუმჯობესდა მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა და გამორიცხული არაა, დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნას.
„მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი, რომელიც ყველამ კარგად იცით, 62 წლის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ გვყავს მოხსნის რეჟიმში და ალბათ საღამოსკენ თუ ყველაფერი კარგად იქნა, მოვხსნით. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, 80 წლის, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ, უკეთესობისკენ“ , – განაცხადა ტურძელაძემ.
ტურძელაძის განცხადებით, პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა ბელგიიდან ჩამოსული ქალი, რომელიც საავადმყოფოში 15 მარტს კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს და მისი მდგოამრეობა უმძიმესი იყო. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტის პირველადი, გუშინ ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია და განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.
„იყო უმძიმეს მდგომარეობაში მორბიდული სიმსუქნით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დაბეტით, ისე, რომ თითქმის იმედი არ იყო, მაგრამ ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს“ , – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.