თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მოსკოვში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მკაცრი ზომები ამოქმედდა, იუწყება РИА Новости.
შეზღუდვები მოსკოვის ტერიტორიაზე ორშაბათს, 30 მარტს ამოქმედდება და ასაკის მიუხედავად უკლებლივ ყველა პირზე ვრცელდება.
უახლოეს დღეებში მოსკოვში გარეთ გასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვით, რომელიც ქალაქის მთავრობის მიერ დადგენილი წესით იქნება გაცემული.
ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის დადგენილებით, ბინების და სახლების დატოვება ნებადართული იქნება მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვისა და სამსახურში წასვლის შემთხვევაში.
გარდა ამისა, მოსკოველები შეძლებენ სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქებსა და მაღაზიებში წასვლას. ძაღლების გასეირნება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, 100 მეტრის რადიუსშია დაშვებული. მოსკოველები ასევე ნაგვის გადასაყრელად გასვლას შეძლებენ.
დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის ყველა ორგანიზაციამ და საწარმომ უნდა შეუქმნას მოქალაქეებს ყველა პირობა იმისათვის, რომ მათ არანაკლებ 1,5 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა შეძლონ.
აგრეთვე, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, უმუშევრებს რეგიონალურ კომპენსაციას გადაუხდიან. 1 აპრილიდან თანხა 19,5 ათას რუბლს შეადგენს.
დღეისათვის რუსეთში კორონავირუსით 1500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.