თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პოლიციამ ბოლო 24 საათში მკაცრი მონიტორინგის შედეგად ქვეყნის მასშტაბით გამოავლინა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 125 დარღვევა, საიდანაც 13 - თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტებია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების შემდეგ პოლიციას მიენიჭა უფლება არამარტო იძულებით კარანტინში გადაიყვანოს თვითიზოლაციის დამრღვევები, არამედ თითოეული სამი ათასი ლარით დააჯარიმოს.
96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო (შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საწარმოებს).
გარდა ამისა, 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები - თავდაპირველად მოხდება დაჯარიმება, განმეორებითი შემთხვევის დროს დამრღვევს პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა >>
29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.