თბილისი, 29 მარტი – Sputnik. სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის >>
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო კარანტინი ამოქმედდა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტების დატოვება აეკრძალა. სიტუაციას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით.
„დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია სამი ადამიანის ყოფნა – მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით. მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირება, შეკრებები და ა.შ.
„ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს“, - განმარტავს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი.
29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.