თბილისი, 29 მარტი - Sputnik. ბოლნისსა და მარნეულში მოქალაქეების შემოწმება მობილური ჯგუფების მიერ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
COVID-19 საქართველოში: საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს >>
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო კარანტინი ამოქმედდა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტების დატოვება აეკრძალა. სიტუაციას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ტრანზიტული მოძრაობა, დისტრიბუცია, სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მითითებების მკაცრი შესრულება.
„ყველა მცდელობა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იქნება ფუჭი, თუ კიდევ უფრო მეტად არ იქნება ხალხი ადეკვატური. ამას ვამბობ, რადგან დადასტურდა შიდა გადაცემები და არ არის დადგენილი წყარო. ის, რომ ერთი კვირა სახლში ვარ და მომეწყინა, არ არის არგუმენტი. თუ არ დავემორჩილებით მითითებებს, მოგვიწევს კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა“, – განაცხდა შოთა რეხვიაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მობილური ჯგუფები მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ.
„მინდა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქალბატონთან, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი. ის იყო ბოლნისის მობილური ჯგუფის მიერ გამოვლენილი და გადაყვანილია ჰოსპიტალში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ერთობლივად, არის აუცილებელი და საჭირო საკითხი, ამიტომ ბოლნისში 15-დან 21-მდე გაიზარდა მობილური ჯგუფების რაოდენობა“, - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ექვსი პირის დასკვნას ელოდებიან.
„რაც შეეხება საველე ჰოსპიტალს, დღის პირველ ნახევარში ელოდება დასკვნას ექვსი პირი. საღამოს დაემატა სამი ადამიანი, რომელთა საკვლევი მასალაც გადაიგზავნება ცენტრში. ველოდებით დასკვნებს. მდგომარეობა არ არის საგანგაშო“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის >>
29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 18. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.