თბილისი, 30 მარტი — Sputnik. აჭარაში საკარანტინო სივრცე დაახლოებით 300 ადამიანმა დატოვა, 2 ათასი კარანტინში რჩება, ხოლო 200 – თვითიზოლაციაში, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა დადასტურდა.
სამი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ოთხი – კლინიკა „მედალფაში“.
ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 70 წლის მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მეორე პაციენტის მდგომარეობას კი ექიმები აფასებენ როგორც საშუალო სიმძიმის. მას პნევმონია დაუდგინდა.
დღეს ბათუმში კიდევ ხუთი ადამიანის ტესტების ლაბორატორიულ პასუხებს ელოდებიან.
აჭარაში ასევე დაიწყო სოციალურად დაუცველი ფენისთვის – ასაკოვანი ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარტოხელა პენსიონერებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება. პირველადი დახმარება დაახლოებით 7 ათას ოჯახს გადაეცემა.
ასეთი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო და 400 ათასი ლარი საკვები პროდუქტების შესაძენად გამოყო. საკვებს აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში გაანაწილებენ.