საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამას ამზადებს

© Sputnik / STRINGERდაცარიელებული დადიანის ქუჩა
დაცარიელებული დადიანის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა აპირებს მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბიზნესთან, რათა დასაქმებულმა პირებმა თავისი სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ამზადებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც კორონავირუსის პერიოდში უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და დაეხმარება მათ, ვინც სამუშაოს გარეშე დარჩა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის პიკი: ხელისუფლებამ ფასების შესაკავებლად ანტიკრიზისული პროგრამა მოამზადა >>

კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა. დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მომსახურების სფერო და ტურიზმის სექტორი, რომელთა უამრავი თანამშრომელი სამუშაოს გარეშე დარჩა. იმ პირთა ზუსტი რაოდენობა, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგვა, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენი გეგმა, რომელიც ძალიან მალე გასაჯაროვდება, ორი ძირითადი ამოცანისკენ იქნება მიმართული. პირველი – მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ბიზნესთან, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ, იმ დარგებშიც კი, რომლებიც დღეს ხელოვნურად შევზღუდეთ. მეორე – მაქსიმალურად იყვნენ კომპენსირებული ის ადამიანები, რომლებმაც, ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად, სამსახური და შემოსავლები უკვე დაკარგეს“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამ ამოცანების განსახორციელებლად მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან.

ამასთან ეკონომიკის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ, ახალი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი შეიძლება გადაიხედოს.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: კორონავირუსის გამო ეკონომიკა სტიმულირებას საჭიროებს

ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კომპანიებს – სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვებს მთავრობამ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 1 ნოემბრამდე გადაუვადა. ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, და ამ კომპანიებში დასაქმებულ 50 ათას მოქალაქეს. მთავრობა ასევე გეგმავს, სასტუმროებს კრედიტების გადახდაში დაეხმაროს.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიისთვის თბილისში მიწაზე იჯარის გადასახადი ერთი წლით გაუქმდა.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სტიმულირება ბიზნესს ვერ დაეხმარება.

„მთავრობამ უნდა გაუძლოს ცდუნებას და სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მოთხოვნას, რომ, გინდა თუ არა, ახლა ჩაერიოს ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. არანაირ განსაკუთრებულ მოქმედებას, სანამ სიტუაცია არ დამთავრდება, ეკონომიკის სტიმულირების კუთხით აზრი არ ექნება და ვერანაირ ეფექტს ვერ მოიტანს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ალექსიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასიცოცხლო ეკონომიკური ფუნქციების მქონე სექტორების გამართული მუშაობა, როგორიცაა ბანკები და ტრანსპორტი.

დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიკრიზისული პროგრამისთვის თანხებს ეძებს

მისი თქმით, მთავრობამ ფინანსები საერთაშორისო ინსტიტუტებიდან უნდა მოიზიდოს.

„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საგარეო დაფინანსების შესაძლებლობები. ეს იქნება აუცილებელი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი“, – განაცხადა ალექსიშვილმა.

ადრე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის დასაფინანსებლად.

ყველა ახალი ამბავი
0