თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

CC0 / Pixabay / engin_akyurt / რეანიმაციაში
რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სულ 34 პაციენტია, მათგან 4 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 30 - ბოქსირებულში

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განაცხადა კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან“, - განაცხადა ენდელაძემ.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსზე საეჭვო პაციენტები შეამოწმეს

მისი თქმით, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები  რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული, რაც შეეხება დანარჩენ 30 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ შორისაც არიან მძიმე პაციენტებიც, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი სარეანიმაციო ღონისძიებებს არ საჭიროებენ. ამავე განყოფილებაში არიან ასევე მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტებიც.

„დღეს ველოდებით პასუხებს. ჯერჯერობით, არ არის მოსული. შესაძლოა, გაწერა კიდევ გვექნეს დღის ბოლოს, გვიან. სხვა მხრივ, მობილიზებული ვართ და ისეთივე რეჟიმით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით“, - აღნიშნა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ ასევე განაცხადა, რომ პაციენტების გამოკვლევა ყველა კუთხით მიმდინარეობს და მათ სათანადო მკურნალობა უტარდებათ.

„დიდი ზომები გვაქვს, რომ გამოჯანმრთელებებს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ვნახოთ, რა იქნება, რადგან რისკჯგუფები მაინც რისკჯგუფებია. თუმცა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც ძალიან უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ახალგაზრდების დამძიმების შემთხვევებიც არის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ორი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია.

ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247. გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0