თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისში, მარნეულში, ფოთსა და ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ადამინებს ახალ კორონავირუსზე ანალიზები აუღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მარნეულში ლაბორატორიულად შემოწმებული 49 ადმიანიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ხოლო ხუთი პირის პასუხს ელოდებიან.
„მარნეულში გრძელდება ასევე სკრინინგი, შემოწმდა 13 ათასი ადამიანი, საიდანაც ოთხს ჰქონდა ტემპერატურა. ორი იყო საეჭვო და მიმდინარეობს დაკვირვება. არ არის პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის პრობლემა. საველე ჰოსპიტალთან არ არის რიგები. ბოლო სამი დღეა, არ დაფიქსირებულა კარანტინის სივრციდან გასვლის მცდელობის ფაქტი“, – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, კარდაკარის პრინციპით მუნიციპალიტეტის სოფლებში შვიდი ათასამდე პირს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. შემოწმებულ პირებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ოთხ მოქალაქეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს.
ფოთის ჰოსპიტალში კი კორონავირუსზე 82 წლის ქალის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ექიმების თქმით, პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია, ასევე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა.
„82 წლის ქალი სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში. მას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება. პაციენტი 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.
დღეს ათი საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც და კორონავირუსი არც ერთს მათგანს არ დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ხვალ დილისთვის კლინიკაში კიდევ ათი პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 79, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247.
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. საკომენდანტო საათი და კარანტინი ჯერჯერობით არსად არ გამოცხადებულა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, სადაც კარანტინის გამო ამ რაიონებში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დაწესდა. აღნიშნული ზომები უკავშირდება კორონავირუსის ერთ-ერთ გამოვლენილ შემთხვევას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 62 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები. მას 1,7 ათასი სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა, აქედან 90 – უშუალო.