თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისათვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება სამ-ოთხ კვირაში მოხდება.
25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული, სამი ახალი შემთხვევა, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა, აშშ-სა და საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება.
„ყველაზე მძიმე პაციენტი არის 80 წლის ქალბატონი, რომელსაც ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდართული დაავადებები აღენიშნება. დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონად გამოცხადდა.