თბილისი, 24 მარტი – Sputnik. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცრე პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს, განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.
„ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ, რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ ცხრა გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ დადასტურდა ხუთი ახალი შემთხვევა... ჩვენი ცენტრის გარეთ COVID-ის მიმღებ ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გაჯანმრთელებული და გაწერილი არის რვა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ე.წ. ამერიკის კლასტერიდანაა. მისი თქმით, ხუთივე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 235.
ტიკარაძე: ეპიდემიის აფეთქება უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი>>
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.