პურზე ფასი არ გაიზრდება – სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს

© photo: Sputnik / Stringerპურფუნთუშეული
პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისამდე პერიოდში ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. პურზე ფასი არ გაიზრდება, არ იქნება ხორბლისა და ფქვილის მოწოდებაზე შეფერხებები, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის სიტყვებით, შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, პირველ რიგში კი პურზე ფასები არ გაიზარდოს. 

სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
სპეკულანტები დაისჯებიან: სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფასებს გააკონტროლებს

„ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, – განუცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრომ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმ იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.

შაბათს, 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით მხარი დაუჭირა ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ 54-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა – 3, კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

ყველა ახალი ამბავი
0