თბილისი, 22 მარტი - Sputnik. რუსეთი კორონავირუსთან საბრძოლველად იტალიაში სამხედრო სპეციალისტ-ვირუსოლოგების და მედიკოსების რვა მობილურ ბრიგადას გააგზავნის, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იტალიაში შაბათს კორონავირუსით გარდაცვალების და გამოვლენილი შემთხვევების რეკორდი მოიხსნა. მსხვერპლთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 793 კაცით გაიზარდა და 4825-ს მიაღწია. ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 943 პაციენტი, მთლიანობაში - 6072. დაავადება გამოუვლინდა 42 681 ადამიანს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა განკარგულება შეიქმნას ავიადაჯგუფება, რომელიც 22 მარტს იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარებას ჩაიტანს.
„იტალიური მხარის მზადყოფნის შემდეგ რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები რესპუბლიკაში ჩაიყვანს სამხედრო სპეციალისტ-ვირუსოლოგების და მედიკოსების რვა მობილურ ბრიგადას, ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფექციის ავტომობილურ კომპლექსებს და სამედიცინო დანადგარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 267 013 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 11 201 და გამოჯანმრთელდა 92 332.