თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ჭადრაკში საქართველოს ნაკრების წევრმა სალომე მელიამ თვითიზოლაციის პირობებში ბავშვებისთვის ჭადრაკის ონლაინ–გაკვეთილების დაწყება გადაწყვიტა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დადასტურდა, ერთი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში 271 პაციენტია.
„მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიური გავრცელების გამო ვფიქრობდი, ჩემი პროფესიის და კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება შემეძლო სახლის პირობებში. მშობლებისთვის ყველაზე რთული, ალბათ, სახლში „გამოკეტილი“ ბავშვების გართობა და განვითარებაა. ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დღის 12:00 საათიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ) ვიწყებ ჭადრაკის ონლაინ–გაკვეთილების ჩატარებას!“ – დაწერა მელიამ თავის Facebook–გვერდზე.
მოჭადრაკემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ბავშვს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ონლაინ–გაკვეთილებში, თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგ ჭადრაკის კომპლექტს აჩუქებს.
თვითიზოლაციის წესები კიდევ თოთხმეტმა ადამიანმა დაარღვია – ვიდეო>>
მელიას ამჟამად ფიდეს რეიტინგში 95-ე ადგილი უკავია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 2015 წელს და ბრინჯაოს პრიზიორი 2011 წელს. აგრეთვე არის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გუნდურ და პირად ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატზე 2011 წელს.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა შეზღუდვაა დაწესებული. შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 20 მარტისთვის იხილეთ აქ.