თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რუსეთში ახალი კორონავირუსი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა „უკიდურესად მოკლე“ დროში შეიმუშავეს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ — ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზე.
მეცნირებმა უკვე დაიწყეს „იმუნოგენურობის კვლევა მგრძნობიარე ლაბორატორიულ ცხოველებზე, უმდაბლესი პრიმატების ჩათვლით“.
მათ მოუწევთ გამოიმუშაონ უფრო მეტად პერსპექტიული და უსაფრთხო პროტოტიპები, რომლებიც უჯრედული და ჰუმორალური იმუნური პასუხების ფორმირებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს პრეპარატის შემადგენლობა, დოზა და შეყვანის მეთოდი.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინის დანერგვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან იქნება შესაძლებელი.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრეს. მათ SARS-CoV-2-ის ტიპის კორონავირუსის პირველი სრული გენომი რუსეთში COVID-19-ით დაავადებული პაციენტის მასალიდან გამოყვეს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 245 484 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 10 031 და განკურნებულია 86 035 ადამიანი.