და ეს კარანტინი სულაც არ არის ისეთი არასასიამოვნო, როგორადაც შეიძლება შორიდან მოგვეჩვენოს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ მოქალაქეებს 14 დღით ათავსებენ საგანგებოდ ამისთვის გამოყოფილ სასტუმროებში.
ქსელში გამოჩნდა სპეციალური ჯგუფი COVID-19, რომლის მომხმარებლებიც აზიარებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ უახლეს ინფორმაციას, იხილავენ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებს და რეკომენდაციებს. გარდა ამისა, ჯგუფის მეშვეობით გარესამყაროსთან კავშირს ინარჩუნებენ კარანტინში მყოფი მოქალაქეებიც.
ყველანი ერთხმად, ერთეულების გამოკლებით (უკმაყოფილო ყოველთვის და ყველგან მოიძებნება), საუბრობენ კარგ პირობებზე და იმაზე, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანეს >>
ამჟამად კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ერთთვიანი ღონისძიებების შემდეგ კარანტინში მოქალაქეთა განთავსების პროგრამაში ჩაება 22 სასტუმრო. მოლაპარაკებებს სასტუმროების მეპატრონეებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები აწარმოებენ.
საუბარია არა ეკონომკლასის ჰოსტელებზე, არამედ სამ- და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე, რომელთა ნომრებშიც ერთი ღამის გათევა არანაკლებ 50-200 დოლარი ჯდება. ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს.
ეკონომიკის სამინისტროში არ დაუზუსტებიათ იმ სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობენ, მაგრამ ღია ქსელური წყაროების წყალობით, გაირკვა, რომ ერთ-ერთი ასეთი საკარანტინო ზონა არის სასტუმრო BEST WESTERN SAIRME RESORT, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტ საირმეში მდებარეობს. სასტუმროს ნომრების ფასი 60 დოლარიდან იწყება. ნომრების დაჯავშნა დროებით შეჩერებულია.
როგორც სააგენტო Новости-Грузия-ს თბილისში ჩამოსულმა ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, ის სამშობლოში ჰოლანდიიდან დაბრუნდა. ავტობუსით ბათუმში ჩაიყვანეს და დააბინავეს სასტუმრო „სპუტნიკში“.
როგორც მან აღნიშნა, ეინდჰოვენის აეროპორტში, საიდანაც იგი გამოფრინდა, სრული ქაოსი იყო, თბილისის აეროპორტისგან განსხვავებით, სადაც ყველა მზად იყო მგზავრების დასახვედრად.
„მე გერმანიაში ვიყავი. იქ უკვე დაიწყო პანიკა, გაამკაცრეს ზომები და გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება. გერმანიიდან აღარ გამომივიდა, მომიწია ჰოლანდიაში გამგზავრება, სადაც 8 თებერვალს გადავფრინდი, მანამ, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ პირობებით, რომლებიც აქ დამხვდა. პოლიციელები, ექიმები - ყველა სპეციალური ეკიპირებითაა, ცოტათი ჩამოგავს ფილმს „ვარსკვლავური ომები“. ახლა ველოდები ექიმს, მინდა რამდენიმე კითხვა დავუსვა. ნომრებიდან გამოსვლის უფლებას არ გვაძლევენ. არანაირი სიმპტომები არ მაქვს, იმედია, ასე გაგრძელდება“, - ამბობს მგზავრი.
გაირკვა, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ნომრები დაუთმო სასტუმრომ Park Hotel Tsinandali. დღე-ღამე ორადგილიან ნომერში ჩვეულებრივად 230 ლარი ღირს.
ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ არცერთ მგზავრს ჯერჯერობით არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.