ეკატერინე კუკულაძე ლანჩხუთიდანაა და ძმასთან გურამ კუკულაძესთან ერთად ორი წელია, რაც იტალიაში, ალდო მოროს უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც იცით, იქ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო. მისმა ვიდეოებმა, რომელშიც თავის ძმასთან და ახლობელთან ანი ახობაძესთან ერთადაა, უკვე ბევრის ყურადღება მიიქცია. ცნობილი ქართული სიმღერების გარდა, მათი ტრიო კრიმანჭულს და გურული ფოლკლორის სხვა ნიმუშებს ასრულებს სიტუაციაზე მორგებული, საკუთარი სახუმარო ტექსტებით. ამ გზით, როგორც გაირკვა, კარანტინში ყოფნა მათ უკვე ბევრს გაუადვილეს და გაუხალისეს...
- ეკატერინე, კარანტინში ნამღერმა თქვენმა სიმღერებმა ძალიან პოპულარული გაგხადათ, რა გზა გაიარეთ გურიიდან იტალიამდე?
- მე და ჩემი ძმა ლანჩხუთში ვცხოვრობდით, სკოლა სოფელ შუხუთში დავამთავრეთ. სიმღერა ძალიან გვიყვარდა და პარალელურად მუსიკალურ სკოლაში დავდიოდით. შემდეგ გარკვეული პრობლემების გამო დედას ემიგრაციაში წასვლა მოუწია და მას მალე ჩვენც შევუერთდით. ძმასთან ერთად ალდო მოროს უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ჩვენი ცხოვრების სიდუხჭირის გამო გარკვეული დროით აქ ყოფნა გვიწევს, მაგრამ ჩვენს ულამაზეს საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით.
- დარწმუნებული ვარ, იტალიელებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდებოდათ...
- არა, ყველასთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. მათ ჩვენგან უკვე ბევრი რამე იციან საქართველოსა და ქართული ტრადიციების შესახებ, ეგ კი არა, გურიაზეც ბევრს ვუყვებით და იციან, რომ ჩვენ ამ ლამაზი კუთხიდან ვართ.
- თქვენ მიერ გადაკეთებული გურული სიმღერა „სისონაი დარჩიაი“ ყველას მოეწონა...
„კორონაი დასაწვავი სავსეა იტალიაში,
მევიდა და მეიტანა თან ვირუსი ამდენ ხალხში,
არ იქნა და არ დამთავრდა ამის პარპაში ქალაქში,
შენი შემხედვარე, გვითხარ, რაფერ გევიაროთ ხალხში.
ამოკეტე კარანტინში, ეიანცე ყორიფელი,
გგონია, რომ შეგვაშინებ, დაგვიპყარი მთელი ერი?
მაგრამ ვერა, ვერ მოგართვი, ჩვენი ასე გაცურება,
შენისთანებს მეინელებს ქართველი, ვერ შეშინდება“.
- ამ ტექტის ავტორი ვინ არის და როდის დაიწყეთ სიმღერების ჩაწერა?
- ჩვენს სახლში ცხოვრობს ოჯახის მეგობარი ნია ახობაძე, ისიც გურულია. სიმღერა სამივეს გვიყვარს. აქ გამოგვიცხადეს, რომ კარანტინში უნდა ვიყოთ 3 აპრილამდე და გარეთ გასვლა მხოლოდ სპეციალური სერტიფიკატის საშუალებით შეგვიძლია. ჰოდა, ასეთ პირობებში რა უნდა გვეკეთებინა ერთ ოთახში გამომწყვდეულ გურულებს? სიმღერების ტექსტი ნიამ წამებში დაწერა. მერე არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და გურული შემართებით დავიწყეთ მათი ჩაწერა და სოციალურ ქსელებში ატვირთვა. ამის შემდეგ საქართველოდან ბევრი გვიკავშირდება, უცნობი ადამიანებიც, ვისგანაც დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობთ.
- იტალიელებს და ქართველებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, „კორონას“ პერიოდში თუ გამოაშკარავდა ეს?
- არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ ჩვენ იტალიელებსა და ქართველებს შორის მსგავსებას ვერ ვხედავთ.
- გურია კუთხეა, სადაც ძალიან ოპტიმისტი ხალხი ცხოვრობს...
- ნამდვილად ასეა, გურია ოპტიმისტებით დასახლებული კუთხეა და ამას ყოველთვის ვგრძნობთ, შორიდანაც კი. ალბათ ამის გამო გაგვიჩნდა სურვილი, რომ ასეთი ვიდეოები ჩაგვეწერა და ამით ქართველები ცოტათი მაინც გაგვემხნევებინა. სიმღერების გარდა სახალისო პოსტებსაც ვდებთ ხოლმე. მაგალითად, ერთხელ დავწერე: „ჩემო მეგობრებო, მირჩიეთ არ ვიცი რა გავაკეთო? დამეწვა ხელები ამდენი alcool-ში ხელების ბანით და, პირიქით, ჩვენი ორნახადი ჭაჭა რომ დავლიო, უკვეთესი არ იქნებაა?“ როგორც ველოდი, ამ პოსტს გურული ჭაჭის ქება-დიდება მოჰყვა...
- საქართველოში რა გენატრებათ?
- ყველაფერი მენატრება რაც ქართულია, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები მენატრება. მინდა, რომ ისინი შორიდან ყველა მოვიკითხო და გავამხნევო. ვუთხრა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ და იმედი არ დაკარგონ. ყველაფერი კარგად იქნება, ისე, როგორც კორონას მივმართავთ ჩვენს სიმღერაში: „ვერა, ვერ მოგართვი ჩვენი ასე გაცურება, შენისთანებს მეინელებს ქართველი, ვერ შეშინდება“...