თბილისი, 17 მარტი - Sputnik. როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების წყარო ერთ პირთან არ არის ცნობილი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს.
„დღემდე ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმპორტირებულ გავრცელებას...თუ აქამდე ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს გვაქვს შიდა გავრცელების რისკი“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან, სხვა მენეჯმენტი და სხვა რეჟიმია ჩასართავი.
„როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად. ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – აღნიშნა პრემიერმა.
აჭარაში კორონავირუსის გამო ბაზრობებს კეტავენ >>
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.