თბილისი, 14 მარტი – Sputnik. კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი ადამიანი 14 წლამდე ასაკისაა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია, კარანტინის რეჟიმშია 418, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირი იმყოფება საჩხერის საკარანტინო სივრცეში, ხოლო 27 – თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
„ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, ასაკს არ ვასახელებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
უფრო ადრე ცნობილი იყო, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 12 წლის მოზარდი იყო ინფიცირებული.
საქართველოს მზადყოფნა კორონავირუსისთვის - პირველ ეტაპზე 5 კლინიკა და 420 საწოლი>>
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველომ უკვე შეწყვიტა ავიამიმოსვლა ირანთან, იტალიასთან, ჩინეთთან, დაკეტა სახმელეთო საზღვარი ირანის მოქალაქეებისთვის, რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამ ქვეყნებთან საზღვარი 10 დღით დაიკეტა. დროებით შეიზღუდა თურქეთთან საზღვარზე გადაადგილება.