თბილისი, 13 მარტი — Sputnik. კორონავირუსი COVID-19-ის პანდემიის გამო ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა) მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები, რომლებიც მომდევნო კვირაში უნდა გამართულიყო, ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.
საუბარია მერვედფინალის საპასუხო მატჩებზე იტალიურ „იუვენტუსსა“ და ფრანგულ „ლიონს“, ბრიტანულ „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“, ესპანურ „ბარსელონასა“ და იტალიურ „ნაპოლის“, გერმანულ „ბავარიასა“ და ინგლისურ „ჩელსის“ შორის ჩასატარებელ მატჩებზე და ასევე ევროპა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებზე.
თუ როდის ჩატარდება გადადებული მატჩები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროთასების გათამაშება შესაძლოა შეჩერებულიყო, 12 მარტს გავრცელდა. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა სავარაუდოდ 17 მარტს გამოაქვეყნებს.
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში კორონავირუსის გამო შეჩერდა>>
ორგანიზაცია ასევე 17 მარტს მიიღებს გადაწყვეტილებას ერთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩების შესახებაც. კერძოდ, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების შეხვედრის თაობაზე, რომელიც 26 მარტს იყო დაგეგმილი თბილისში.
მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია შეხვედრის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე. იგივე აზრზეა მისი ბელორუსი კოლეგა ვლადიმირ ბაზანოვიც.
„ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა. ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში ძალიან ძნელია. მაგრამ როცა საუბარია კორონავირუსით ინფიცირების საშიშროებაზე, წინა პლანზე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გამოდის“, — აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ბელორუს ქომაგებს ორი ათასი ბილეთი ჰქონდათ შეძენილი საქართველოში დაგეგმილ მატჩზე დასასწრებად. ხოლო თავად საქართველოში შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ერთ კვირაში გაიყიდა, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტო ფაქტია ბოლო პერიოდში.