ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 25–ე შემთხვევაც იტალიას უკავშირდება

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 58 პაციენტია.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობის ისტორიას  უკავშირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

„პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის ინფექციონისტების  მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში 30 იანვრიდან დღემდე  ლუგარის ლაბორატორიაში სულ 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში გაიგზავნა და აქედან კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 58 პაციენტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ამ დროისთვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.


ყველა ახალი ამბავი
0