თბილისი, 12 მარტი — Sputnik. იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შეფასებისას, ზურაბიშვილმა მოსახლეობას ჯანდაცვის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
„პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უკვე გაატარა აუცილებელი ზომები: პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები, შეიზღუდა პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები, გაუქმდა რეგიონებში დაგეგმილი ვიზიტები.
ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების პრევენციისთვის.
„საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე... მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.
12 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.