დღეს ნანა ქვარაია ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია მთელ რაიონში. სკოლაში აქტიურად მუშაობს ინტელექტ-კლუბი, რომელიც ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულ გუნდს ავლენს. ამის შედეგად მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსზე სკოლამ ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა გამარჯვება. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე კი გამარჯვებული სკოლების სამეულში მოხვდა. თუმცა ეს არ არის წარმატებების სრული ჩამონათვალი...
- ქალბატონო ნანა, თქვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად აღწევენ წარმატებებს სხვადასხვა რეგიონულ კონკურსებზე, ამიტომ ლოგიკურია საუბარი დავიწყო კითხვით – როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
- მასწავლებლობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და იქიდან მოყოლებული დღემდე გამორჩეულად ბედნიერი დღეები ჩემი მოსწავლეების წარმატებებს უკავშირდება. კონკურსები, ოლიმპიადები, ვიქტორინები სკოლის კულტურას უნდა წარმოადგენდეს. თუ აქ ხშირად არ ტარდება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, მაშინ ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ. ძალიან დიდი წარმატება გვქონდა კონკურსზე „წიგნების თარო“, ასევე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დავიკავეთ. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე – მეორე ადგილი, ესეების კონკურსზე რამდენჯერმე საპრიზო ადგილზე გავედით. მოკლედ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მჯერა, თუ გულით მოეკიდები საქმეს, თუ ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად და გვერდში ძლიერი გუნდი გყავს, წარმატება არ დააყოვნებს.
- როგორ მოსწავლე იყავით და რომელმა მასწავლებელმა იქონია თქვენზე გავლენა?
- ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, არ მახსოვს სკოლაში მოუმზადებელი წავსულიყავი, მეც ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში. მახსოვს, როგორ მაღალ დონეზე გვიტარდებოდა სპორტის გაკვეთილები. მე ჰუმანიტარული საგნები უფრო მიზიდავდა და სიამოვნებით ვსწავლობდი, ძალიან ბევრ კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობდი. ბალიშის ქვეშ ვმალავდი წიგნებს და კითხვაში ღამეები მითენებია. მაშინ ყველაზე კარგი პროფესია ბიბლიოთეკარი მეგონა, რადგან ამდენი წიგნის გარემოცვაში ყოფნა ბედნიერებად მიმაჩნდა. ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქართულის მასწავლებელმა ვაჟა ქვარაიამ (ის ბიძაჩემი იყო). არ მახსოვს, მას გაკვეთილზე ხმა აეწია, ყველანი მონუსხული ვუსმენდით. ემოციით დატვირთულებს გვეგონა, რომ თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებდით. გაკვეთილს კი არ გვიხსნიდა, შეიძლება ითქვას, პერსონაჟების განცდებში შევყავდით... რომ არა ვაჟა მასწავლებელი, დღეს მე ქართულის მასწავლებელი არ ვიქნებოდი. არადა, საკუთარი თავი სხვა ამპლუაში ვერც წარმომიდგენია. დღეს ჩემი ყოველი დილა მეექვსე კლასში გაკვეთილით იწყება და იქიდან ენერგიით სავსე და ბედნიერი გამოვდივარ.
- თქვენი, როგორც მასწავლებლის პირველი გაკვეთილი თუ გახსოვთ როგორი იყო?
- გაკვეთილზე პირველად რომ შევედი, 21 წლის ვიყავი. განაწილებით მოვხვდი ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის საშუალო სკოლაში, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივი დამხვდა. პირველი გაკვეთილი მე-11 კლასში ჩავატარე. როცა საკლასო ოთახის კარი მივხურე და მოსწავლეების წინაშე დავრჩი, ჩემ გონებაში წინასწარ დალაგებული ე.წ. „გაკვეთილის გეგმა“ და მოფიქრებული „დავარცხნილი“ ფრაზები სადღაც გაქრა. ჰოდა, გავაბი მათთან საუბარი საკუთარ თავზე, ლიტერატურაზე, ჩემს მოლოდინებსა და მათ ინტერესებზე... ამ დღიდან მოყოლებული დღემდე სამი ათეული წელი გავიდა და არასდროს მქონია ე.წ. „კლასის მართვის“ პრობლემა, არასდროს გამჭირვებია მათი მოსმენა და გაგება, სწავლება, აღიარება და დაფასება. წლების შემდეგ უფრო მივხვდი, რომ ამას გულწრფელი დამოკიდებულებით მივაღწიე. მათ წინაშე არასდროს ვთამაშობ და არასდროს ვტყუი და, რაც მთავარია, მათ იციან, რომ ისინი ძალიან მიყვარს...
- რომელ სამ რჩევას მისცემდით ახალბედა კოლეგებს?
- მასწავლებლებს ძალიან მარტივ სამ რჩევას მივცემდი: პირველი – ერთნაირად გიყვარდეთ ყველა ბავშვი, სულ ერთია, კარგად სწავლობს თუ არ სწავლობს, ნიჭიერია თუ ზარმაცი, ახირებულია თუ ფხუკიანი, მშვიდია თუ ჰიპერაქტიური; მეორე – არ შეწყვიტოთ სწავლა და თვითგანვითარება, თორემ ეს თქვენი წარმატების დასასრული გახდება. აქვე გეტყვით, რომ დღეს მე უფროსი მასწავლებელი ვარ და მაისის თვეში წამყვანი ვხდები. მესამე რჩევა – გაკვეთილზე რომ შეხვალთ, ხშირად ჩახედეთ ბავშვებს თვალებში, არასდროს ეცადოთ მათი გამოჭერა. გახსოვდეთ, თუ მოსწავლეს დაამარცხებ, ამით გამარჯვებული ვერ გახდები! იყავით მათი მეგობრები, ისინი უღალატო და მართალი ადამიანები არიან...
- როგორ გესმით ლათინების ფრაზა Non scholae, sed vitae discimus - არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის ვსწავლობთ?
- სკოლაში ხდება ადამიანის პიროვნული ფორმირება და როცა საშუალო საფეხურს ამთავრებს მოზარდი, ის ცხოვრების ყოველი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს, ამიტომ სწორედ ამ თორმეტი წლის განმავლობაში მათ უნდა ჩამოვუყალიბოთ სწორი ღირებულებები, რომ ისინი იყვნენ სამართლიანები, კრიტიკულები, ტოლერანტულები, სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ეროვნული ღირებულებების მატარებელი პიროვნებები გახდნენ. სასწავლო პროცესი მეტად რთული რამეა. როგორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების ამ დონეზე განვითარებულ ეპოქაში გაკვეთილზე მყოფი სხვადასხვა ინტერესის, ხასიათის, ღირებულებების, სოციუმის წარმომადგენელი 20-25 მოსწავლის ყურადღება შენ მიერ ჩატარებული გაკვეთილისკენ წარმართო და მიზანს მიაღწიო? – ურთულესია.
- თავად როგორ აღწევთ მიზანს?
- გაკვეთილზე, რაც უნდა მაღალ მეცნიერულ დონეზე ჩაუტარო მათ ლექცია და ისინი მუდამ პასიური მსმენელის პოზიციაში დატოვო, ამით მიზანს ვერ მიაღწევ. ამიტომ გაკვეთილი უნდა იყოს ინტერაქტიური, საგაკვეთილო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რომ მე, ქართულის მასწავლებელმა ერთი საგანი კი არ უნდა ვასწავლო მათ, არამედ ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოვუმუშავო. ვასწავლო კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, საკუთარი პოზიციის დაცვა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება. რაც მთავარია, ამ ცივ და გულგრილ სამყაროში ვასწავლო ის, რომ შეძლონ ბოლომდე დარჩნენ ადამიანებად...
- რა არ ეპატიება მასწავლებელს?
- მასწავლებელი ძალით ვერ გახდები და თუ ძალით მასწავლებელი ხარ, დაიტანჯები. მასწავლებელს არ ეპატიება, რომ საგანი კარგად არ იცოდეს, მასწავლებელს არ ეპატიება, რომ სწავლა და თვითგანვითარება შეწყვიტოს, არ ეპატიება, რომ ბავშვები არ უყვარდეს. თუ ნამდვილად მასწავლებელი ხარ, ბოლომდე იხარჯები, მაშინ შენი საქმე ბედნიერებას განიჭებს... როცა ქუჩაში შენი კურსდამთავრებულები შეგხვდებიან და მათ თვალებში საოცარ სიყვარულს ამოიკითხავთ, მერწმუნეთ, მათ მიმართ გაცემული შენი სიყვარული არასოდეს დაგეკარგებათ. შენი ყველაზე დიდი შემფასებლები მოსწავლეები არიან, მათ კი არაფერი ეშლებათ.
- ერთხელ სკოლაში...
- ერთხელ გაკვეთილზე მოსწავლე მიყვება სტრიქონიდან სტრიქონზე გადატანის წესებს და მეუბნება: „ერთმარცვლიანი სიტყვა, რაც არ უნდა დიდი იყოს, არ გადაიტანება, მაგალითად, „დაცაბუკურუჭა“. ვერაფრით მივხვდი, რას მეუბნებოდა და სამჯერ გავამეორებინე. თურმე მთელი დღე მოანდომა ამ ერთმარცვლიანი სიტყვებისგან შემდგარი „მონსტრის“ დამახსოვრებას. როგორი დასამახსოვრებელი სიტყვაა – ეხუმრებით?! ყველა კურიოზი ჩემ ჩქარ ბუნებასთან და უჩვეულოდ სწრაფ ტემპთანაა დაკავშირებული. მოსწავლეებმა ასეთი ანეკდოტიც კი მომიგონეს: ნანა მასწავლებელს ტაქსის მძღოლმა გაუჩერა, მაგრამ მანქანაში არ ჩაჯდა, მძღოლს კი მიზეზად უთხრა – მეჩქარებაო!..
- რომელ რჩევას გაატანდით ბავშვებს დიდ გზაზე?
- რჩევის სახით მათ ვეტყვი, რომ ადამიანს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, საოცრად უსაზღვრო, თუ ის მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. თუ იფიქრებს, ვერასდროს შევძლებო, სინამდვილეშიც ვერაფერს მიაღწევს. ამიტომ ყოველი საქმის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა შევძახოთ: “მე ეს შემიძლია!“