თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანში 14 დროებითი ჰოსპიტლიდან, რომლებიც სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში იყო მოწყობილი, 11 უკვე დაიკეტა პაციენტების რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით, იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, დარჩენილი პაციენტები სპეციალიზებულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ერთი თვის წინ ეს რიცხვი 3 ათასს აღწევდა.
ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების არეალი 101 ქვეყანას მოიცავს. COVID-19-ის ეპიდაფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 041 ადამიანს შეადგენს. აქედან ჩინეთზე 80 735 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე სამხრეთ კორეა (7 382 კაცი), მესამეზე იტალია (7 375), მეოთხეზე – ირანი (6 565), მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე კი საფრანგეთი (1 209) და გერმანია (1 040).
COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 3 825 კაცს შეადგენს, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 61 979 პაციენტი.