თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით გამართული საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.
30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ.
კვირას მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის შერეულ მოდელზე: პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდა 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს და საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას. ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ და, რაც მთავარია, ხელისუფლებამ. 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ უკვე გადავდივართ ნორმალური მზადების პროცესში", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, მემორანდუმს ხელი მოაწერა შეხვედრის ყველა მონაწილემ და მოლაპარაკებები კონსენსუსით დასრულდა.
ოპოზიცია და შუამავლები კმაყოფილი არიან
პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.
„მინდა პირველ რიგში მივულოცო ყველა ადამიანს, ვინც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ პროცესში. ამდენი ქუჩის პიკეტი, ამდენი აქტივობა, ამდენი მხარდაჭერა სოციალური ქსელით თუ ტელევიზიის მეშვეობით, და მართლა დიდი მადლობა, რომ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ დღეს შედეგი გამოიღო. მართლაც მოხარული ვარ, რომ შეთანხმება შედგა, შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შედგა დიპლომატიური კორპუსის ძალიან დიდი დახმარებით, დიდი მადლობა მათ", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე იხილებოდა ოთხი მთავარი პუნქტი: „პოლიტიკური პატიმრების“ საკითხი, პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების რაოდენობა პარლამენტში, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების თანაბარი გადანაწილება და ერთპროცენტიანი ბარიერის დაწესება პარტიებისთვის.
გიორგი ვაშაძის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების რეალიზების დაწყება უსწრაფესად დაიწყოს.
შეთანხმების მიღწევის გამო კმაყოფილი არიან უცხოელი დიპლომატებიც, რომელთა შუამდგომლობითაც ჩატარდა შეხვედრა.
„ვულოცავთ დღევანდელი პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს წარმატებულ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციისა და ნორმალიზებისკენ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში", – ნათქვამია შუამავალი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში.
ისტორიული ექსკურსი და მოლაპარაკებები
ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანის თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის საგნად 2019 წლის ივნისიდან იქცა, როდესაც მმართველმა პარტიამ თბილისში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლისა და ნულოვანი ბარიერის დაწესების პირობა დადო.
ამ დაპირებამ სერიოზული იმედი ჩაუსახა დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა მიეცათ ამომრჩეველთა რეალური 2-3%-ის მხარდაჭერის პირობებში.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომელთათვისაც ასეთი სისტემა ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ისინი საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტ ადგილს მოიპოვებდნენ, ვიდრე მოქმედი სისტემის პირობებში.
თუმცა წინააღმდეგი აღმოჩნდნენ ისინი, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებ ელოდნენ – „ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი. მათი წყალობით საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ჩავარდა.
მანამდე ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეუძლებელი შეძლეს და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალები გააერთიანეს.
ქვეყანა მოიცვა საპროტესტო აქციებმა, რომლებიც პერიოდულად არეულობებს იწვევდა და აქციის დაშლით სრულდებოდა. შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა საერთაშორისო პარტნიორებმა გაერთიანებული ოპოზიცია და მმართველი პარტია აიძულეს მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ ერთადერთი – საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიზნით.
სამ-ნახევარი თვის მანძილზე მხარეებმა მოახერხეს მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის ჩატარება, რის შემდეგაც პროცესი ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენმა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი გიგი უგულავა ციხეში დააბრუნა. ამით აღშფოთებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ხელისუფლებასთან საუბარზე და მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, ისევე, როგორც თვით შეთანხმება, ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა.
კონსტიტუციონალისტების თქმით, თუ მარტის დასაწყისისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდებოდა, ცვლილებების რეალიზება შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნებოდა.
საქმე ისაა, რომ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს კი, თავის მხრივ, დროს – თავდაპირველად საჯარო განხილვას ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ცვლილებების მიღებას სამი მოსმენით ორ სესიაზე. საარჩევნოდ, 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულებული უნდა იყოს საოლქო საარჩევნო კომისიების ფორმირება და ამ დროისთვის უნდა არსებობდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.
როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია უარს აცხადებდა „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების გაგრძელებაზე, მათთვის დამახასიათებელი პროფესიონალური დიპლომატიის გამოყენებით მოიფიქრეს არაფორმალური შეხვედრების ფორმატი – შეხვედრები სადილზე ან ვახშამზე დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთ წარმომადგენელთან.
მეთოდმა შედეგი გამოიღო – ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სისტემა კვლავაც შერეული დარჩება, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს, თუმცა, ძალაუფლებას ვერ მიიღებს პარტია, რომელსაც პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება.
შესაბამისად, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ახლა უნდა დაიწყოს ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. ჯერჯერობით, მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პროპორციულად პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.