თბილისი, 7 მარტი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 13 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, აქედან 8 ზუგდიდშია, 1 აბაშაში და 4 მესტიაში, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ზუგდიდიდან.
მისივე თქმით, ყველა მათგანი ბოლო პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა.
„გვაქვს მათთან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, დღეში ორჯერ ვურეკავთ, ვეკითხებით ხომ არ აქვთ ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ყველა იმ სიმპტომების შესახებ, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის. გუშინ 3 ოჯახში განვახორციელეთ ვიზიტი, მივაწოდეთ ასევე ყველა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე“, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უცხოეთიდან ჩამოსულ მგზავრთა კონტაქტებს მოიკვლევენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგენს, ვინ უნდა იყოს კარანტინში და ვინ თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც მონაცემები ადგილბრივი ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა.
გარდა ამისა ფოთში 45 წლამდე მამაკაცი იმყოფება თვითიზოლაციაში. ფოთის საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ის თებერვლის დასაწყისში სამხრეთ იტალიაში იმყოფებოდა. მას ვირუსის არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება და თვითიზოლაციის ვადა 12 მარტს ეწურება.
„ფოთში ერთადერთი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში. ეს არის მეზღვაური, რომელიც სამხრეთ იტალიიდან წამოვიდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ხოლო 24 თებერვას შემოვიდა თურქეთის ერთ-ერთ ნავსადგურში და 27 თებერვალს სარფის საზღვარი გადმოკვეთა. ეს ადამიანი არის იზოლირებული ბინაზე, მას აქვს საუკეთესო პირობები, თავისი სანიტარული კვანძებით. ძალიან შეგნებული პიროვნებაა. დღეში რამდენჯერმე ვურეკავთ. მას არც სიცხე, არც ხველა არ ქონია. რაიმე სახის სიმპტომი რომ გამოვლენილიყო, თავისთავად ცხადია საკარანტინო სივრცეში გადავიყვანდით. 12 რიცხვიდან ის უკვე თავისუფალია და დღეისათვის არის ჯამრთელ მდგომარეობაში. ასე რომ ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ“- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.
ამჟამად საქართველოში 12 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. აქედან სამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში. მისი თქმით, ინფიცირებულთა 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობასთან.
ნიკა ლატარია