თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, სადაც ადამიანები დიდი რაოდენობით იკრიბებიან, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გაიცეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისში შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლის რეგიონული მინისტერიალი ჩატარდეს>>
მინისტრს მხედველობაში ჰქონდა, მაგალითად, სასამართლოები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები. ამ საკითხზე იმსჯელებენ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებულ სპეციალური საბჭოს სხდომაზე.
„ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, რადგან დღეისათვის ეპიდემიის რისკი საქართველოში ძალზე დაბალია. თუმცა, იცით, რომ ყოველდღიურად იმართება თათბირი პრემიერთან, მივიღებთ გადაწყვეტილებას და გავცემთ რეკომენდაციებს", – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდეს.
„ჩვენ, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ", – აღნიშნა ტიკარაძემ.
მისი განცხადებით, გამკაცრდება მოთხოვნები კერძო საბავშვო ბაღების მიმართ.
საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ>>
6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტია მოთავსებული.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ბევრი დაწესებულება და უმაღლესი სასწავლებელი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
კორონავირუსის საფრთხის გამო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
კიდევ ერთი მეთოდი COVID-19-სგან თავდასაცავად: სახიფათო ნივთები>>
საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.