თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ფოთის საზღვაო ნავსადგურში შემოსული მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი IBERIAN BULKER-ის წევრებს გემის დატოვება და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფოთის ნავსადგურში შემოსული გემი და იქ მყოფი ეკიპაჟის წევრები მკაცრ შემოწმებას გაივლიან.
„6 მარტს, დილის საათებში ფოთის ნავსადგურში შემოვიდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი თ/მ IBERIAN BULKER. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა... ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე კაპიტნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მეზღვაურს, 5 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურს, რომელიც გემზე 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება, სამედიცინო შემოწმება წინა ნავსადგურის დატოვების დროსაც, 14 თებერვალს ჩაუტარდა და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუდასტურდა.
სააგენტოს ცნობით, გემზე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს, რომელთან ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა, ყველა მათგანს ეკრძალება ნაპირთან კავშირი და ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დატოვებს გემს.
საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა – ორი მათგანი ირანში იმყოფებოდა, შვიდი კი იტალიაში.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.