თბილისი, 5 მარტი — Sputnik. შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეულს იწყებს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
ფასდაკლების კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ასევე ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანიაც, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონემენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ საჯარო მოწვევას გამოაცხადებს. ინფორმაცია განთავსდება როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ, ასევე Facebook-ის გვერდებზე.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ფასდაკლების კვირეულის მიზანი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისებაა.