თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ზამთრის ოთხივე კურორტზე კარგი მდგომარეობაა – არის თოვლი და ტურისტების ნაკადი ყველგან მზარდია, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მისი სიტყვებით, მთის კურორტებზე წლის დასაწყისში დაფიქსირებული პრობლემა ძირითადად თოვლის ნაკლებობამ გამოიწვია, დღეისათვის კი ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი.
„სტატისტიკა გვეუბნება, რომ ჩვენთან ჩამოსული ტურისტების 50% განმეორებითი ვიზიტორია, რაც ქვეყნისთვის ძალიან დადებითი ტრენდია. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მსოფლიო მასშტაბით თოვლის დეფიციტი ყველგან იყო, მათ შორის საქართველოში. ეს იყო პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი. მოვიშველიოთ იანვრის სტატისტიკა. საერთაშორისო მოგზაურების 20%-იანი ზრდა გვაქვს და უშუალოდ ტურიზმში – 19%-იანი. თოვლი უკვე ყველა კურორტზე დევს და ინფრასტრუქტურა მზად არის, კიდევ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ზამთრის სეზონისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით კურორტებზე გადაიჭრა ტრანსპორტის პარკირებისა და „საცობების“ საკითხი. კერძოდ, თბილისის მერიის დახმარებით ბაკურიანში ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ასრულებს წრიულ მოძრაობას, რათა „საცობები“ არ შეიქმნას. ყველა კურორტზე დაემატა საპატრულო მანქანები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს როგორც დამსვენებელთა უსაფრთხოება, ისე ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობა.