თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ხვალ, 14 იანვარს კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სრიალის მოყვარულებს გიმასპინძლებთ გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასები და გოდერძის ულამაზესი ბუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კურორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს, შაბათი-კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სასრიალო გზებით „ზანკა1“, „იალა1“, „იალა2“.
გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 100 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. ჯერჯერობით გოდერძიზე გართობის ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული, სამაგიეროდ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.