თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა. სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში ჩართულია 976,1 ათასზე მეტი ადამიანი და 62,1 ათასზე მეტი კომპანია, ხოლო საერთო საპენსიო შენატანები 565,4 მლნ ლარს აჭარბებს. დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ ფულის ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტში, რასაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. ამ პროცესს განახორციელებს საპენსიო სააგენტოსთან არსებული საინვესტიციო სამსახური.
„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი საფინანსო ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან გრძელდება", – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი, 9%-ის ნაცვლად, 14,9%-ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა.
ჭიჭინაძის თქმით, ვადის ამოწურვის შემდეგ ეს ინვესტიცია თითქმის გაორმაგდება, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს.
საპენსიო თანხების ინვესტირებას კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში მომგებიანად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც.
როგორც გვენეტაძემ TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა, ყველა მოქმედება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელდა, საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ კარგია და სასარგებლო იქნება ამ რეფორმის მომავალში წარმატებულად განხორციელებისთვის.
საპენსიო რეფორმის მიზანი
როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს, მეორე – კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდება – საშუალოდ წლიური 7%-ით. ამჟამად პენსიონერების ანგარიშებზე უკვე დარიცხულია ამ პროცენტებით დაგროვილი დაახლოებით 17,3 მლნ ლარი.
საქართველოში 1 იანვრიდან შემწეობა და პენსიები გაიზარდა>>
ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსია სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ. გასული წლის ივნისის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულთა რაოდენობამ რეგისტრირებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა.