მძღოლის ჩანაცვლება და დეზინფექცია: კორონავირუსის გამო საქართველოში ტრანზიტის ახალი წესებია

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს მთავრობა იმპორტიორებს რეკომენდაციას აძლევს – ქვეყანაში პროდუქცია რკინიგზის საშუალებით შემოიტანონ.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების ტრანზიტის გამკაცრებასა და დამატებით შემოწმებასთან დაკავშირებით ზომები მიიღო. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: ჩვენი პრიორიტეტი – მოქალაქეების კორონავირუსისგან დაცვაა და არა ავიამიმოსვლა

პირველ ყოვლისა შეზღუდვები, რომლებიც შესწორებების სახით შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის განკარგულებაში, ეხება იმ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რისკის ზონის ქვეყნებიდან შემოდიან. დღეისათვის ასეთი ოთხი ქვეყანაა – ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი.

ცვლილებები, პირველ რიგში, ითვალისწინებს იმ სატვირთო ავტომობილების გაცილებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტულად კვეთენ და კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნიდან საზღვარზე გამშვებ პუნქტამდე მოდიან.

სიახლეები ეხება მძღოლებსაც. საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლს საბაჟო საზღვარზე სხვა მძღოლი შეცვლის, თავად მას კი კორონავირუსზე შეამოწმებენ. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, მას ან კარანტინში მოათავსებენ, ან უკან დააბრუნებენ.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია. ასევე სატვირთოებს შეუცვლიან გამწევს, თავდაპირველ გამწევს კი დეზინფექცია ჩაუტარდება.

გარდა ამისა, გადაზიდვების განმხორციელებელი კომპანიები საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა დაუკავშირდნენ, რათა შეთანხმდნენ გამწევის შეცვლისა და აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლის ჩანაცვლების შესახებ. 

სატვირთოების რიგი - Sputnik საქართველო
საქართველო სომხეთიდან ირანული საქონლით დატვირთულ ტრაილერებს გაატარებს

ამასთან, საქართველოს მთავრობა რეკომენდაციას იძლევა ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის რკინიგზით შემოტანის შესახებ.

გუშინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ირანული საქონლით დატვირთული სომხური ტრაილერებისთვის სატრანზიტო მოძრაობის გახსნის შესახებ. 

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 28 თებერვლიდან ირანის და იტალიის მიმართულებით მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე ნებართვების გაცემა შეწყვიტა და არსებული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.

ირანში, ბოლო ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების 2,3 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 77 ადამიანი დაიღუპა, 435 კი განიკურნა.

საქართველოში 5 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა – ორი მათგანი ირანიდან, ორი კი იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0