თბილისი, 5 მარტი — Sputnik. დღევანდელ დღემდე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ავიარეისი განხორციელებულიყო, თუმცა ახლა პრიორიტეტი მოქალაქეების კორონავირუსისგან დაცვაა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
საქართველოში კორონავირუსით ინციფირების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა – პაციენტი იტალიიდან ჩამოსული საქართველოს 44 წლის მოქალაქეა. საქართველომ დროებით შეწყვიტა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერების საკითხის განხილვა.
თურნავას სიტყვებით, ქვეყანა განიხილავს კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში ავიამიმოსვლის შეჩერების საკითხს.
„ამ სიტუაციაში გლობალურმა საავიაციო ინდუსტრიამ თავად შეზღუდა ფრენები და აქტივობა. ეს შეეხო იმ რეისებსაც, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. ამასთან, ჩვენი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, ჩვენ ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც შესაძლო რისკის მატარებლები არიან, ეს საკითხი განსჯის საგანია“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის, რამდენადაც მანამდე ყველაფერი კეთდებოდა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაზრდისთვის. თუმცა, ახლა პრიორიტეტები შეიცვალა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი – ესაა ჩვენი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი მოქალაქეების ვირუსისგან დაცვა, პრევენცია. აქედან გამომდინარე, ეს თემები განხილვის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა თურნავამ.
კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა; დროებით შეაჩერეს მუშაობა თეატრებმა, მუზეუმებმა და სხვა კულტურულმა დაწესებულებებმა; გადაიდო მრავალი მასობრივი ღონისძიება; აეროპორტებში, სადგურებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში დაწესდა მკაცრი კონტროლი; მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში პერიოდულად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას შორის საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.