თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
ეს გამოსვლა ზურაბიშვილისთვის სახელმწიფოს მეთაურის რანგში მეორე იქნება.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.
პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. ის ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართება, რადგანაც ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში უნდა წარდგეს – თებერვლის დასაწყისში, თუმცა ეს, ჩვეულებრივ, უფრო გვიან ხდება.
პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, გამოსვლებისთვის 10-10 წუთი ეძლევათ იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, 15-15 წუთი კი უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს.
დებატების დასრულების შემდეგ პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა.