თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაცვა მოუხსნეს. ამის შესახებ მან თავისი Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„გუშინ მთელი გულით გადავუხადე მადლობა ჩემს მცველებს შესანიშნავი სამსახურისთვის და ერთგული მებრძოლების საუკეთესო გუნდს გამოვემშვიდობე“, – დაწერა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის განადგურების მცდელობა უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტს ადრე პერსონალური დაცვა მისი არჩევიდან სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნოდა, მაგრამ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მუხლში შესწორებების ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს პერსონალური დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ყოფნის დროს ერგება, თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეწყვეტა არ მოხდა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის გამო.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა (2013–2018) ერთწლიანი შესვენების შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში ოპოზიციონერის სახით დაბრუნება გადაწყვიტა.