გამყრელიძე: არ დაუშვათ სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ასევე მოუწოდებს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, სამსახურში არ დაუშვან ადამიანები, რომლებიც დასასვენებლად, ბიზნეს ან სხვა მიზნით კორონავირუსით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო დამსაქმებლებს, რომ ყველა დამსაქმებელმა ყურად იღონ რეკომენდაცია, რასაც მუდამ ვაცხადებთ, რომ მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან მოსული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბიზნესმოგზაურობაში, დასასვენებლად თუ ა.შ., სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
თსუ - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავა

მაღალდასენიანებულ ქვეყნებად მიიჩნევა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, იაპონია და სხვ. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლისას მაღალი სიცხე ან სხვა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ, საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ექვემდებარებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 14-დღიან იზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად კარანტინში 97, თვითიზოლაციაში კი 92 ადამიანი იმყოფება. ასევე არის სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ – ორი მამაკაცი და ერთი ქალი - „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ ის იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ სამსახურში გავიდა და ერთი დღის განმავლობაში მუშაობდა, მეორე დღეს კი სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.

ამ მოქალაქეებზე სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზეც დასაქმებულ ადამიანებს გაცდენილი დღეები ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და ხელფასი შეუნარჩუნდებათ.

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებს, სწავლა დროებით შეწყვეტილია როგორც სკოლებში, ისე ბაგა-ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

„ხდება ინტენსიური დასუფთავება და ინტენსიური დეზინფექცია ყველგან. ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს შესაბამისი ჰიგიენური პირობების შექმნას. უნივერსიტეტებს მოვუწოდეთ, რომ განათლება ჩვენთვის ფუნდამენტურია და სადაც ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალება არის, გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - Sputnik საქართველო
კარანტინი გაცდენად არ ჩაითვლება და იქ მყოფი ადამიანების ხელფასებზე არ აისახება

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

ყველა ახალი ამბავი
0